რატომ უქრებათ ქართველ მამებს შვილებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა ცოლებთან გაყრის შემდეგ და რატომ ურჩევნიათ სხვისი შვილები საკუთარს
ქართულ სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდა სარეკლამო რგოლი, რომელიც გვამცნობს, რომ საქართველოში ყოველი მეხუთე მამა იმალება, რომ შვილებს ალიმენტი არ გადაუხადოს, ყოველი მესამე კი – უარს ამბობს შვილისთვის ალიმენტის გადახდაზე. სახელმწიფო მათ მოუწოდებს, შეასრულონ მშობლის მოვალეობა და მისცენ შვილებს არსებობის საშუალება. სტატისტიკა, მართლაც, შოკისმომგვრელია, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, ქართველებს, თავი ტრადიციების მიმდევრებად და გამორჩეულად მოყვარულ-თავდადებულ მშობლებად მიგვაჩნია. ფსიქოლოგ ლილი ხეჩუაშვილს დავეკითხეთ ქართულ ოჯახში მამის როლსა და ფუნქციაზე.
– მართლაც, ასეთი მოუხელთებლები არიან ქართველი მამები, რომ სახელმწიფოს ჩარევა გახდა აუცილებელი მათში მამობრივი გრძნობების გასაღვივებლად?
– ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია. შორიდან ძალიან ადვილია შეფასება და ძალიან ძნელია გარედან თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე რაღაცის თქმა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც საერთოსაც ვერ გამოვყოფთ, რაც მეტ-ნაკლებად ყველას ეხება. ალბათ, უპირველესად, ეს პასუხისმგებლობისა და მოტივაციის პრობლემაა. იმისთვის, რომ რაღაც გააკეთო, მოტივირებული უნდა იყო. ალბათ, როდესაც ოჯახი იშლება და კაცი მარტო რჩება, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობისგან თავისუფალი, შეიძლება, მიიჩნევდეს, რომ ეს მისი მოვალეობა აღარ არის.
– შეიძლება, თავისუფალი დარჩე მშობლის მოვალეობისგან, მიუხედავად იმისა, ოჯახი გაქვს თუ არა ისევ?
– ისევ პასუხისმგებლობის განცდამდე მივდივარ. ქალების პოზიციიდან სხვანაირად ჩანს ეს საკითხი, რადგან, როდესაც იგებ, რომ დედა უნდა გახდე, იმ წუთიდან ხარ დედა. ეს ბიოლოგიურადაა განპირობებული და წინასწარი მზაობა გაქვს. მართალია, ევოლუციური თეორია ამბობს, რომ მამაკაცები არიან მოტივირებული, რაც შეიძლება, მეტი და ჯანსაღი შთამომავლობა დატოვონ, თუმცა, როგორც ჩანს, ინდივიდუალურ დონეზე მაინც სხვანაირი მექანიზმი მუშაობს. წესით, მიუხედავად იმისა, შვილი შენთან ცხოვრობს თუ არა, რა ურთიერთობა გაქვს შვილების დედასთან, პასუხისმგებლობას უნდა იღებდე შენს შვილზე. გარდა იმისა, რომ უნდა გიყვარდეს და მამობა გაუწიო ადამიანურ დონეზე, შვილს სჭირდება ფინანსური უზრუნველყოფაც. როდესაც ამის პასუხისმგებლობა არ გაქვს, ალბათ, უფრო ადვილია ცხოვრება. საერთოდ, პასუხისმგებლობას ადამიანები ძალიან უფრთხიან და გაურბიან. მეორე მხრივ, როდესაც ოჯახი, როგორც ფორმალიზებული ინსტიტუტი, იშლება და დედა-შვილი ცალკე გადის, ზოგ მამაკაცს, შემოსავლის მიუხედავად, პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვს მათ მიმართ.
– შემოსავალი არ არის პირდაპირ კავშირში შვილის ფინანსურ უზრუნველყოფაზე უარის თქმასთან?
– შეიძლება, მამაკაცს ძალიან ბევრი შემოსავალი ჰქონდეს და ერთი თეთრი არ ემეტებოდეს შვილისთვის, ან ძალიან ცოტა შემოსავალი ჰქონდეს და ბოლო თეთრამდე აძლევდეს. აქ, ალბათ, უფრო იმაზეა ლაპარაკი, რომ, თუ მე აღარ მქვია ოჯახის უფროსი, კისერიც უტეხიათო. შეიძლება, ეს განცდა იყოს, მაგრამ მეორე თემაა, რამდენად აცნობიერებენ ამას ადამიანები. მე ვერ დავუკავშირებდი ამას პირდაპირ ფინანსურ შემოსავალს. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ამაზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ თანაბარ პირობებში, ანუ ერთნაირი შემოსავლის ფონზე, შეიძლება, რადიკალურად სხვადასხვანაირად მოიქცნენ ადამიანები. განზოგადება ჭირს, რადგან ყველა კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია. ყველაზე ძირეული, რაც შეიძლება, გამოდიფერენცირდეს ცალკეული შემთხვევიდან, ეს არის მოტივაცია: რატომ უნდა გავაკეთო ეს. ვერ ხედავენ, თვითონ რას მიიღებენ აქედან.
– შეიძლება, იმიტომ რომ მე დედა ვარ, ძალიან გაუგებარია ჩემთვის ეს ლოგიკა. რა უნდა მივიღო სანაცვლოდ იმისგან, რომ მშობელი ვარ?!
– დედებს სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს, მამაკაცებს უფრო მეტი გზა აქვთ გასავლელი მამის როლის გასაცნობიერებლად. ძალიან ბევრი ვერც მიდის აქამდე. მით უმეტეს, ჩვენს კულტურაში მამისთვის ბავშვი სხვასთან გამოსაჩენი, საჩვენებელი სათამაშოა და არ ფიქრობს იმაზე, რომ ბავშვს სჭირდება მოვლა, გამოკვება და უამრავი წვრილმანი რამ. ის ზოგჯერ ნერვებს გიშლით, რის ატანაც, როგორც წესი, მამების დიდ ნაწილს აღარ შეუძლია. როდესაც ასეთი შემაწუხებელი არსება უკვე აღარ არის შენთან, აბსოლუტურად თავისუფლად გრძნობენ თავს. თუმცა შესაძლოა, ეს ცნობიერად არ ხდებოდეს და უამრავ მიზეზს ეძებდნენ, რომ არ გადაიხადონ ალიმენტი.
– ჩვენი საზოგადოება, მაინცდამაინც, არ მიესალმება, თუკი შვილი, რომელზეც უარი თქვა მშობელმა, უარს ამბობს იმ მშობლის მოვლაზე სიბერეში. მოჰყავთ ასეთი არგუმენტი, პირადად ჩემთვის ძალიან ხელოვნური: მაინც მამაა. რა ხდება?
– აქ უკვე კულტურულ და სოციალურ ღირებულებებამდე მივდივართ. არის კულტურები, სადაც შვილები არ არიან ვალდებული, იზრუნონ მშობლებზე და ისინი მიჰყავთ იმ დაწესებულებაში, სადაც მათ უკეთ უვლიან. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია ან კარგი. შევხედოთ პრობლემას შვილის პოზიციიდან: შვილისთვის, რომელიც უმამოდ გაიზარდა, მამა, ფაქტობრივად, უცხო ადამიანია. თანაც მხოლოდ ბიოლოგიური მამობა ხომ არ არის საქმე, ფსიქოლოგიურ მამობას ხომ უფრო მეტი წონა აქვს?! შეიძლება, მამა ერქვას და ფულის ანგარიშზე დამრიცხავი ბიძია იყოს შვილისთვის და შეიძლება, ერთ თეთრს არ აძლევდეს, მაგრამ ისეთი მამობა გაუწიოს, ყველას ერჩივნოს ის ადამიანი. შვილს იმის გამო მოსთხოვო ზრუნვა, რომ მისი არსებობა გახდა შენი გაჩენის წინაპირობა, არასწორია. თვითონ საკითხია არასწორად დაყენებული. ბუნების კანონია, რომ ჩვენ ვირჩევთ შვილების გაჩენას. ისინი ჩვენ გამო გაჩნდნენ და არასწორი პოზიციაა მთელი ცხოვრების განმავლობაში წამოვაძახოთ – რაკი გაგაჩინეთ, კეთილი ინებე და მოგვიარეო. ეს არათანაბარი ურთიერთობაა.
– მიჩნეულია, რომ ჩვენ ტრადიციულად ქალების, შვილების, მოხუცების, ოჯახის და ასე შემდეგ დიდი პატივისცემით გამოვირჩევით, მაგრამ უცბად სახელმწიფო მოუწოდებს მამებს, თქვენი ჭირიმე, ალიმენტი გადაუხადეთ შვილებსო. დასავლეთში, რომელსაც ტრადიციების სიღრმიდან დავცქერით ზემოდან, ეს პრობლემები ნაკლებია. კანონის დონეზეა დაცული ეს ღირებულებები თუ ადამიანობის?
– კანონის დონეზეა აყვანილი და უფრო მოწესრიგებულია. ჩვენთან ამას კულტურის ფსიქოლოგიაში სუფრის ფილოსოფიასა და ღირებულებებსაც უწოდებენ. ერთია დეკლარირებული ღირებულება და მეორე, ქცევაში გადმოტანილი. ქალის, შვილების, ოჯახის, მოხუცების კულტი დეკლარირებული კულტურული ღირებულებებია და მიიჩნევა კარგი ქართველის მახასიათებლებად. მაგრამ ყოველდღიურად სულ სხვა სიტუაციაა. მართალია, სიტყვიერად ქალი ცაში გვყავს ატყორცნილი, სადღეგრძელოებს ვუძღვნით და ვეთაყვანებით, მაგრამ, რეალურად, ქალი არის მუშა, ნივთი, უტრირებას ვაკეთებ, მეორეხარისხოვანი, დიასახლისი, რომელმაც უნდა გარეცხოს, გახეხოს, საჭმელი გააკეთოს, ოჯახს მოუაროს. ანუ მისი კვარცხლბეკზე დგომა სადღაც ქრება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
– კვარცხლბეკზე საყვარელი დგას?
– ეს, საერთოდ, სხვა თემაა. იმის თქმა მინდა, რომ ერთია დეკლარირებული ღირებულებები და მეორეა რეალობა. თუმცა ბევრი რამ თანდათან იცვლება. სტატისტიკა სტატისტიკად, მაგრამ რეალურად იზრდება ისეთი მამების რიცხვი, რომლებიც უფრო მეტად არიან ჩართული ბავშვის აღზრდაში, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, დაესწრონ მშობიარობას. რაც უფრო ადრე ჩაერთვება მამა ემოციურად შვილის არსებობის პროცესში, მით უკეთესი. რაც უფრო ჩართულია მამა შვილის აღზრდის პროცესში, მისთვის ემოციურად მით უფრო ღირებულია შვილი და არ არის საჩვენებელი სათამაშო. საერთოდ, ქალები უფრო მეტად მიჯნავენ შვილს მამისგან, მამაკაცებს უფრო ნაკლებად შეუძლიათ დედისა და ბავშვის გამიჯვნა. როდესაც ვინმე გინდა, მისი ყველაფერი გინდა და როდესაც არ გინდა, მისი არაფერი გინდა. როდესაც შვილიანი ქალი მოჰყავთ ცოლად, იმ ქალის შვილიც უნდათ, როდესაც ქალი არ უნდათ, საკუთარი შვილიც არ უნდათ.
– სანამ არ დაჩაჩანაკდებიან, როგორც წესი.
– ესეც არის, ამიტომ ცალსახად ვერ ვიტყვით, თუმცა სტატისტიკა ძალიან სამწუხაროა. ამ სტატისტიკის შესაცვლელად მამები ადრიდანვე უნდა ერთვებოდნენ შვილის აღზრდის პროცესში, მეორე უკიდურესობა კი კანონის გამკაცრებაა.
– ყოფითი დაკვირვების დონეზე ხშირად მომისმენია, რომ მშობიარობაზე დასწრება არცთუ კაცური საქციელია?
– ესეც სტერეოტიპია. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში გვქონდა პერიოდი, როდესაც ქალს გომურში უშვებდნენ, რომ ემშობიარა. ასე რომ, ფესვგამდგარი ტრადიციების დარღვევას დრო უნდა. სტერეოტიპი ძალიან მყარია.
– რაღა ეს სტეროტიპია მყარი? ძალიან ადვილად დაამსხვრიეს სიტყვის გაუტეხლობის სტერეოტიპი?
– მაგალითად, 30 წლის წინათ საერთოდ არ იყვნენ მამები, რომლებიც ესწრებოდნენ მშობიარობას, მაგრამ დღეს ასეთები არიან. ნელ-ნელა იცვლება ეს სტერეოტიპი. მე ის აზრიც მომისმენია, რომ სასურველი არ არის მშობიარობაზე დასწრება. იმიტომ რომ შემდეგ იმ ქალთან შესაძლოა, აღარ მოგინდეს სექსუალური ურთიერთობა. ეს ისეთი სისულელეა, როგორც ის, რომ მშობიარობაზე დასწრება არავაჟკაცური საქციელია. რა არის სამარცხვინო იმაში, რომ შენი შვილის დაბადებას ესწრები?! იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩართულობა აპრიორი განაპირობებს ოჯახის სიმტკიცეს, მაგრამ შანსი იმისა, რომ გაყრის შემთხვევაში ასეთი მამაკაცი შეინარჩუნებს მამის როლს, მეტია. მეორე მხრივ, მამებს ხშირად არ სცალიათ სამსახურების გამო, მაგრამ ბავშვთა ფსიქოლოგები ასეთ რჩევას გვაძლევენ: ბავშვს დღეში 15 ფიქსირებული წუთი მაინც უნდა გამოუყოს მშობელმა, რომლის განმავლობაშიც მხოლოდ მას ეკუთვნის.
– ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ჩვენთან დგას შვილებისთვის გვარების მიცემის პრობლემა. რა ასეთი განსაკუთრებული გვარები აქვთ, რომ ასე უფრთხილდებიან?
– ისევ პასუხისმგებლობამდე მივდივართ.
– დავასრულებ შეკითხვას: ამის პარალელურად კი, თავმოწონების საშუალებად მიიჩნევა იმის თქმა, რომ არც კი იციან, იმდენი შვილი ჰყავთ. ვერ აცნობიერებს ამის მთქმელი, რომ დიდ შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ თავს. ძაღლი ხომ არ არის, არ იცოდეს, რამდენი ლეკვი ჰყავს?
– არის კულტურები, სადაც შვილები დედის გვარზე არიან.
– ქალებს, უდავოდ, აქვთ ერთი დიდი უპირატესობა: ყოველთვის ზუსტად იციან, რომ შვილი მათია.
– ნამდვილად, არის ამაში ლოგიკა. გვარის მიცემის შემთხვევაშიც ისევ იდენტობამდე მივდივართ. თუ ჩემს გვარს ვაძლევ, ესე იგი, მასზე პასუხისმგებელი ვარ. მე ვიცი შემთხვევები, როდესაც მამაკაცს მოუყვანია ცოლად შვილიანი ქალბატონი და შემდეგ ბავშვი თავის გვარზე გადაუყვანია. მიზეზი ძალიან მარტივია: ჩემი ცოლის შვილი ჩემი შვილია. თუ ჩემი შვილია, ჩემი გვარი უნდა ჰქონდეს და მე უნდა ვიზრუნო მასზე. ზოგი ბავშვი იმასაც კი განიცდის, რატომ აქვს დედას სხვა გვარი, იმიტომ რომ დღესაც კი ქალები ისევ ქმრის გვარზე გადადიან. ბავშვის პოზიციიდან გვარს აქვს კუთვნილებისა და მნიშვნელოვნების განცდა. მაგალითად, თუ შენ „იქს“ გვარის ხარ, შენი ძმა „იგრეკის“ და მამასაც „იგრეკ“ გვარი აქვს, ჩნდება კითხვა, ის ჩემზე მეტად უყვართ, იმიტომ რომ მამის გვარი აქვსო. მე რომ ბავშვს გვარს ვაძლევ, პასუხისმგებლობას ვიღებ. მაგალითად, მე ვიცი წყვილები, როდესაც გაყრის შემდეგ ბავშვები დედის გვარზე გადასულან. ეს ძალიან სიმბოლურია. როდესაც ქალს შვილი თავის გვარზე გადაჰყავს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია. გვარი არის ბოლო ძაფი, რომელიც შვილს ემოციურ დონეზე აკავშირებს მამასთან. როდესაც გინდა, რომ ყველა გზა მოჭრა, შენს გვარზე გადაგყავს შვილი. ძალიან ბევრი რამ მიდის ემოციამდე, ალიმენტის გადაუხდელობაც.
– რამე განსაკუთრებული გვჭირს შვილებთან დამოკიდებულებაში თუ ჩვენნაირებიც არიან?
– რაც ვიცი, რაც მინახავს და წამიკითხავს, იქიდან გამომდინარე, ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულები ვართ. ადამიანები ყველგან ადამიანები არიან, ქალებიც და მამაკაცებიც. განმასხვავებელი, რაც შეიძლება, ვიპოვოთ ჩვენსა და დასავლურ კულტურას შორის, არის ის, რომ იქ კანონს მეტი ძალა აქვს.
– დასავლურ სამყაროში გაყრისას მამა ითხოვს, რომ შვილის ძირითადი მეურვეობა მოიპოვოს, ჩვენთან აპრიორში შვილი დედისაა. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რატომ ხდება ასე?
– იქ მამაც მეტადაა ჩართული შვილის აღზრდის პროცესში. მეტად აქვთ ტრადიცია და კულტურა იმისა, რომ თანაბრად მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდაში. როდესაც წყვილი იღებს გადაწყვეტილებას, იყოლიონ შვილები, მათ პასუხისმგებლობაც გაცნობიერებული აქვთ. ჩვენთან ეს სხვანაირად ხდება. ოჯახი დაგეგმვით ნაკლებად იქმნება. როდესაც შვილები სპონტანურად ჩნდებიან, პასუხისმგებლობაც ნაკლებია. ოჯახის გაცნობიერებულად შექმნისას, თუ ოჯახი დაიშალა, წინასწარი მზაობაც მეტია, რომ პასუხისმგებლობა აიღონ. თანაც, კანონიც ავალდებულებთ. იქ კულტურის ნაწილია ღირებულება, რომ, თუ ოჯახი დაიშალა, მშობელი მაინც მშობლად რჩება. ჩვენთან უფრო შინაურული სიტუაციაა, ვიდრე ფორმალური. რეალურად ოჯახის კულტზე აგებულია იაპონური კულტურა, ასევე, ამერიკული პურიტანული კულტურაც. ასე რომ, კიდევ საკითხავია, სად არის ოჯახის კულტი უფრო წმინდა, ჩვენთან თუ მათთან. სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველები ძალიან ეთნოცენტრულები ვართ და მიგვაჩნია, რომ, რაც აქ ხდება, სხვაგან არსად ხდება, როგორც კარგი, ისე ცუდი.
– ეს თემა, მგონია, რომ უფრო ძირეულია, რადგან, თუ ჩვენთან მამაკაცების ნაწილი, როგორც ჩანს, არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, საკუთარი შვილების წინაშეც კი არ გრძნობს პასუხისმგებლობას, მით უმეტეს, ვერ იგრძნობს ქვეყნის მიმართ?
– დიახ, შეძლებენ თუ არა ისინი ქვეყნის მამობას. პირველ ეტაპზე მამებთან მიმართებაში, ალბათ, გამოსავალი კანონის უზენაესობა შეიძლება, იყოს. კანონმა უნდა განსაზღვროს პირობები და გაიძულოს.
– გაიძულოს, იყო მამა?
– დიახ. სამწუხაროდ, მამაკაცების გარკვეული რაოდენობა ვერ აცნობიერებს მამობას.