როდის ელოდება მეუღლის მხრიდან „ტისკი“ სოფო ბედიას და რატომ იყო მისი ოჯახი ორად გაყოფილი
ჯეოსტარელი სოფო ბედია, რომელიც მსმენელს თავისი მშვენიერი სიმღერით, არტისტიზმით ყოველ ორშაბათს ხიბლავს, საკმაოდ ლაღი, ხალისიანი და კარგი პიროვნებაა. სოფოს ძალიან უყვარს სიმღერა და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს „ჯეოსტარში“ და კარგი გამოსვლებით მაყურებელს თავი დაამახსოვროს, ამიტომაც, ჟღერს მისი სლოგანი ასე: „დამიმესიჯეთ, მე თქვენთვის ვმღერი“. მკითხველი ნამდვილად დამეთანხმება, რომ მშვენიერ, საოცრად ქალურ და უნიჭიერეს სოფოს, მაყურებლისთვის თავის შეყვარება ნამდვილად არ გაუჭირდება.
– სოფო, შენ ყოველი გამოსვლის შემდეგ, როგორც პროფესიონალ მომღერალს ისე გაფასებენ. მაინც, რატომ გადაწყვიტე „ჯეოსტარში“ მონაწილეობის მიღება?
– როგორც იცით, ორსულად ვიყავი, ბავშვი გავაჩინე და შესაბამისად, საკმაოდ დიდი მუსიკალური პაუზა გამომივიდა. ჩრდილში დავდექი და მინდა, რომ ისევ ამოვბრწყინდე, კარგად წარმოვაჩინო საკუთარი თავი. უპირველეს ყოვლისა, მინდა საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ ღირსი ვარ ვიდგე სცენაზე. შეიძლება „ჯეოსტარი“ ვერ გავხდე, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის დამოკიდებულება და სიყვარული. ჩემი ძმა „ჯეოსტარი“ არ გამხდარა, მაგრამ ხალხის დიდი სიყვარული მოიპოვა. ბედნიერი ვიყავი, ვინც სცენიდან არ მიცნობდა და მეუბნებოდა, ვაიმე, თქვენ ბორიას და ხართ, როგორ მიყვარს თქვენი ძმაო.
– ახლა, მგონი, უკვე ეცილები შენს ძმას ხალხის სიყვარულში.
– კი, მგონი ვეცილები. ახლა მეც ანალოგიურს განვიცდი და იმ დროს ათი ადამიანი ვხდები ხოლმე.
– როგორ შეხვდა ბორია, შენს გადაწყვეტილებას?
– ძალიან კარგად, აუცილებლად უნდა მიიღო მონაწილეობა, მეც რომ შემეძლოს, არ დავფიქრდებოდი და ისევ გამოვიდოდიო. თავიდან ვყოყმანობდი, ვნერვიულობდი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე და ძალიან კარგად მოვიქეცი.
– ასე მგონია, როდესაც სცენაზე დგახარ, საერთოდ არ ნერვიულობ.
– გარეგნულად არ მეტყობა, არ ვიმჩნევ, თორემ მეორე ტურში ისე ვნერვიულობდი, უფრო სწორედ, შინაგანად ვღელავდი და რადგან სცენაზე დგომის გამოცდილება მაქვს, ამიტომ არ მემჩნეოდა. უნდა ნახო, ბავშვები როგორ ნერვიულობენ, ზოგიერთი პირველად დგას დიდ სცენაზე. ფილარმონიის სცენაზე გამოსვლა დიდი წნეხის ქვეშ დგომაა. ეს არ არის კლუბური და სალონური სიტუაცია. ეს არის დიდი დარბაზი, ბევრი მაყურებელი და ყველანი დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.
– ალბათ, ბავშვობიდან მღერი?!
– კი, მას შემდეგ ვმღერი, რაც ლაპარაკი დავიწყე. მამაჩემი იყო არაჩვეულებრივი მომღერალი, მოცეკვავე, ხელოვანი, თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ადამიანი. მე უფრო მამის ვიყავი, ძალიან თამამი, გახსნილი. ბავშვობაში არაჩვეულებრივად ვცეკვავდი. მამა, რომ დამაყენებდა პიანინოსთან, მამიკო, ეს ვიმღეროთო, ისე მიხაროდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ყველაფერი მაინტერესებდა. სამაგიეროდ, ჩემს ძმას ხმას ვერ ამოაღებინებდი. 16 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა. არადა, ისეთი ლამაზი ხმა ჰქონდა, საოცრად კარგი ტემბრი. ყველანი ვეხვეწებოდით, იმღერეო და ის კი ტიროდა, – დაკეტეთ ფანჯრები, ჩამოაფარეთ ფარდები, მერე რაღაცას ვიზამო. მე არც მჭირდებოდა თქმა, მაშინვე გვერდზე დავუდგებოდი და ვიწყებდი სიმღერას. სტუმრებთან რომ ვმღეროდი, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, რომ მისმენდნენ. იქიდან მომყვება მაყურებლის სიყვარული, ვგიჟდები, როდესაც მისმენენ და ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს.
– ანუ, მამის მხრიდან ძალიან იყავი განებივრებული?
– კი. ოთხი წლის წინ გარდაიცვალა, ძალიან დამაკლდა და ეს ჩემთვის დღემდე მოუშუშებელი ტკივილია. მე და ჩემი ძმა საშინალად ვჩხუბობდით და ამის გამომწვევი მიზეზი ყოველთვის მე ვიყავი, თან უმცროსი ვარ. ყველას ჰგონია, რომ მე ვარ დიდი, იმიტომ, რომ ის მიამიტი და ბავშვური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მე კი – დახვეწილის და ქალურის. არადა, ძალიან გიჟი ვარ. სხვათა შორის, ჯეოსტარელები მეუბნებიან, შენ ისეთი „სტერვა“ გვეგონეო და ახლა გიჟდებიან ჩემზე. მეც ძალიან მიყვარს ყველა. როგორი დამნაშავეც უნდა ვყოფილიყავი, მამა ყოველთვის მე მამართლებდა, სოფო არაფერს დააშავებდაო. დედაჩემი ჩემი ძმის მხარეს იყო და ოჯახი ასე ორ ნაწილად გვქონდა გაყოფილი. მიდიოდა საქმეების გარჩევა, ძალიან კარგი დრო იყო. ბოლოს მე ვიმარჯვებდი, იმიტომ, რომ ოჯახში მამაჩემის სიტყვა კანონი იყო.
– დაგიჩაგრავს ბორია.
– ხანდახან ვჩაგრავდი, მაგრამ ყველაფერს ახლა ვაღიარებ.
– ისე, ბევრ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული?
– კი, კონკურსების დივა ვარ. ბავშვობაში პატარ-პატარა კონკურსებში ვმონაწილეობდი, მაგრამ „ნუცას სკოლა“ იყო ის პირველი ნაბიჯი, რომელიც მე გადავდგი დიდი სცენისკენ და ეს ძალიან დამეხმარა. მერე იყო გია მაჭარაშვილის კონკურსი „ანშლაგი“ და პირველი ადგილი ავიღე, „ოქროს დისკის“ მფლობელი გავხდი. შემდეგ ბარსელონაში საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი ავიღე, ასევე „ხავერდოვანი ბათუმი 2005“-ზე გრან-პრი მოვიპოვე, მოკლედ, წარმატებით მივდიოდი და მივდიოდი.
– მოდი, შენ ოჯახიც გამაცანი.
– ჩემი მეუღლე, მიშიკო შაყულაშვილი ოთხი წლის წინ გავიცანი. მიშიკო არაჩვეულებრივი მუსიკოსი და კომპოზიტორია, ერთ დროს „ივერიაში“ მღეროდა, მაგრამ 90-იანი წლები, არეულობა და ისე ვეღარ გაკაშკაშდა, როგორც საჭირო იყო. მოკლედ სიმღერით მომხიბლა, ხელოვანი ადამიანი ვარ და ძალიან ვაფასებ, როდესაც ადამიანი კარგად მღერის, კარგი გემოვნება აქვს და პიროვნებას სწორად აფასებს.
– როგორ გაიცანი?
– ჯემალ სეფიაშვილთან გავიცანი. ბავშვები მიუზიკლისთვის შეგვკრიბა, ძალიან კარგი სიმღერები ჩავწერეთ. იქ გავიცანი მიშიკო და ამ ურთიერთობამ შეგვაყვარა ერთმანეთი. ის ჩვენზე უფროსი იყო და პედაგოგობდა. ამის ყველანაირი „ბაგაჟი“ გააჩნდა. გვირჩევდა, იქნებ ეს გააკეთოთ, ან – ისო. ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, მოხიბლული ვიყავი, გაგიჟებული ვიჯექი. თავიდან ჩვენი ურთიერთობა ფლირტით დაიწყო, თან ძალიან მამწარებდა. საერთოდ, ყველა „პაკლონიკი“, რომელიც მყოლია, ფეხქვეშ მეგებოდა, ვაიმე, რა მოეწონება სოფოს, რა გავაკეთოთო. ეს არ გაგიჟდა ჩემზე. ახლა, რომ ვხვდები, შეიძლება შინაგანად გიჟდებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. ვფიქრობდი, დედა, როგორ ვერ გავაგიჟე ეს ადამიანი-მეთქი და ამით „დამაბა“, დამაინტრიგა, „ზაცეპკაზე“ გამოვედე, რა. რაც შეეხება შეყვარებულობის პერიოდს, ორი წელი ვხვდებოდით და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ შეიძლებოდა ამ ყველაფრის ასე გაგრძელება და დავქორწინდით, ახლა გვყავს ჩვენი სიყვარულის არაჩვეულებრივი ნაყოფი, 8 თვის ნიკოლოზი, ჩემი ცხოვრების აზრი და ღმერთის მადლით, ბედნიერი ადამიანი ვარ.
– რას გეუბნება მეუღლე, რით მოხიბლე ის?
– მაშინ ძალიან პუტკუნა ვიყავი და ჩემს მეუღლეს მოსწონს სავსე ქალები. მოგეხსენებათ, ჩემი ბიუსტის ამბავი და რომ შემოხვედი და პირველად დაგინახე, მაშინვე ვთქვი, ვაიმე, ეს ქალი ჩემთვის მინდაო. მე პირველ დღეს საერთოდ, არ დამინახავს, მან კი მაშინვე დამადგა თვალი. მე ამას კარგა ხანს ვერ ვგრძნობდი, პირიქით, მეღადავებოდა, საშინლად მამწარებდა, თან მეხუმრებოდა, ჯობდა, ჩემს დანახვას, „სვარკა“ დაგენახაო. სხვათა შორის არასდროს მითქვამს, მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ ჩემი ქცევებით, ურთიერთობით ხვდებოდა, რომ არ ვიყავი მის მიმართ გულგრილი. მოკლედ, ძალიან „სკრომნი“ სიტუაცია გვქონდა.
– როგორი მეუღლე ხარ?
– საერთოდ ძალიან თბილი ადამიანი ვარ, რაც ჩემს მეუღლეს ესიამოვნება, ყველაფერს ვაკეთებ, საჭმელი იქნება ეს თუ სასმელი, ან ურთიერთობა. ისიც ზუსტად ასეთია.
– როგორი დედა ხარ?
– დაბადების დღიდან ნიკოლოზი სულ ჩემთანაა, არ მოვშორებივარ გვერდიდან. ახლა, რაც „ჯეოსტარი“ დაიწყო, ნიკოლოზი სულ მამასთან არის. დიდხანს რომ ვერ ვხედავ, ცუდად ვხდები. თვითონაც ისე ვენატრები, რომ დამინახავს, უნდა ნახოთ, რა დღეში ვარდება. მერე ტირილს ვიწყებ, როგორ ვერ ვხედავ, ბავშვს ასე ხშირად-მეთქი.
– მეუღლე რჩევებს გაძლევს?
– ყველანაირად მიწყობს ხელს და კონცერტს ყოველთვის ესწრება. რომ ვგრძნობ ის დარბაზში ზის, უფრო მეტი პასუხისმგებლობით გამოვდივარ. ძალიან სერიოზული შემფასებელია და თუ რაღაცას ისე ვერ გავაკეთებ, ვიცი, რომ „ტისკი“ მელოდება. საერთოდ, ყველას რჩევას ძალიან ვითვალისწინებ, მეუღლის, მანანა მორჩილაძის, მარინა ბერიძის. ვიცი, რომ ჩემთვის კარგი უნდათ.
ნათია უტიაშვილი