კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხვდებიან აღდგომას მსოფლიოში #16

აღდგომა სიცოცხლის საწყისს, განახლებას განასახიერებს. ამიტომ, ყოველ ერს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საინტერესო ტრადიციები აქვს.
საბერძნეთში ქრისტიანული ეკლესია სახელმწიფოსგან განუყოფელია. შესაბამისად, განსაკუთრებულად, სახელმწიფო დონეზე აღინიშნება აღდგომაც. აქ მოსახლეობის 97 პროცენტი მართლმადიდებელია.
ვნების შვიდეულში ყველა ტაძარშია. ამ კვირის განმავლობაში ყველა მორწმუნე თავს ვალდებულად მიიჩნევს, დილიდანვე დაესწროს ღვთისმსახურებებს. დიასახლისები კი, იმავდროულად, დღესასწაულისთვის ემზადებიან. აცხობენ საგანგებო ნამცხვარს – კულურაკიას, წითლად ღებავენ კვერცხებს, ალაგებენ სახლს, ყიდულობენ საჩუქრებს. სააღმდგომოდ ბერძნების ტრადიციული საკვებია წვნიანი მაგირიცა, რომელიც მზადდება ცხვრის გულ-ღვიძლისგან. მას უმატებენ კვერცხს, ბრინჯსა და ლიმონის წვენს.
საინტერესოა, რომ დიდ ხუთშაბათს, საღამოს კვიპროსზე ატარებენ „ქრისტეს ჯვარცმის“ მსახურებას, რომლის დროსაც ყველა ხატს შავ მანტიას აფარებენ. დიდ პარასკევს ანუ წითელ პარასკევს სახელმწიფო დაწესებულებები მუშაობას წყვეტენ. ქრისტეს გლოვის ნიშნად, ეშვება დროშები: ყველა ემზადება ჯვრით მსვლელობისთვის. დიდ შაბათს, ტრადიციისამებრ, ათენში იერუსალიმიდან საგანგებოდ ჩამოაბრძანებენ აღდგომის სიმბოლოს – მადლმოსილ ცეცხლს, რომელსაც ზარ-ზეიმით ხვდებიან. საპატიო ყარაულის თანხლებით იმართება ქუჩებში მსვლელობა.
საბერძნეთში მიღებულია, აღდგომის სადღესასწაულო მსახურებისას, ანთებული სანთლების ნამწვავით სახლში შესვლამდე, კარზე ჯვრის გამოსახვა. ხალხს სჯერა, რომ ეს ოჯახს უბედურებისგან დაიცავს.
კვიპროსზევე არსებობს ერთი სააღდგომო ტრადიცია.  ესაა ტაძრის ეზოში კოცონის ანთება. ამით მორწმუნეები იხსენებენ პეტრეს, რომელიც მაცხოვრის სამჯერ უარყოფამდე ცეცხლთან თბებოდა. ამასთან, მას სხვა დატვირთვაც აქვს. იუდას დაწვის ნიშნად ახალგაზრდები მორებისგან უზარმაზარ ცეცხლს ანთებენ. საბერძნეთში იუდას დაწვას უკავშირდება მსგავსი ტრადიციაც: იმართება ჯვრით მსვლელობა ტაძრისკენ. ბოლოს ქალაქის მთავარ მოედანზე ხალხი წვავს იუდას ფიტულს.
ღვთისმსახურების დროს, სახარების კითხვისას, ტაძარში საოცარი ხმაური იწყება: მრევლი ჯოხებით აბრახუნებს კედლებზე, კარებზე, კიბესა და სკამებზე. ამით ისინი უფლის ჯვარცმის შემდეგ იერუსალიმში მომხდარ მიწისძვრას იხსენებენ. საინტერესოა, რომ მსგავსი ტრადიცია იერუსალიმის ეკლესიაშიც გვხვდება.
საგანგებოდ და გამორჩეულად აღინიშნება აღდგომა მსოფლიოს კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებშიც. სადღესასწაულო ლიტურგიის დროს ტაძრის ეზოში ინთება ცეცხლი, საიდანაც დიდ სააღდგომო სანთელს – პასქალს ანთებენ. მღვდელმსახური შედის ჩაბნელებულ ტაძარში ამ სანთლით ხელში და მრევლი ნელ-ნელა, პასქალიდან ანთებს საკუთარ სანთლებს.
კათოლიკეები ამ დღეს ერთმანეთს კვერცხებს ჩუქნიან, როგორც ახალი ცხოვრების სიმბოლოს, რომელიც საერთოა ყველა ქრისტიანისთვის.  დასავლეთში ტრადიციაა კვერცხებთან ერთად საჩუქრების მიძღვნაც. ტრადიციული საჩუქარია სააღდგომო კურდღელი, რომელსაც ტკბილეულისგან აცხობენ. მისი დამზადება შუა საუკუნეებში გერმანიაში დაიწყეს, თუმცა სათავეს ანგლოსაქსთა წარმართული ტრადიციებიდან იღებს. კურდღელი გაზაფხულის ქალღმერთის აუცილებელი თანმხლები იყო და ნაყოფიერების, სიცოცხლის გაგრძელების, განახლებისა და სამდიდრის ნიშანი გახლდათ. ქრისტიანებს სჯეროდათ, რომ „სასწაულმოქმედი“ ბაჭია ბავშვებს უმალავდა დღესასწაულისთვის მომზადებულ კვერცხებს და პატარებს უნდა მოეძებნათ ისინი. დროთა განმავლობაში, ეს ლეგენდა სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. აღდგომის დილას გაღვიძებული ბავშვები იწყებენ კვერცხების ძებნას სახლში. თამაშში უფროსებიც მონაწილეობენ. ვაშინგტონში ყოველ წელს უზარმაზარი რიგი დგება. ხალხს უნდა, მონაწილეობა მიიღოს სააღდგომო კვერცხების ძიებაში თეთრი სახლის წინ. პრეზიდენტის ეს ტრადიცია 1878 წლიდან არსებობს.
პროტესტანტებისა და კათოლიკეების დღესასწაული ერთ დღეს აღინიშნება, განსხვავებით, მართლმადიდებლებისგან. აქაც ღვთისმსახურება ღამით იწყება, რომლის დროსაც ხდება „ახალი ცეცხლის კურთხევა“. ინთება სააღდგომო სანთლები, იწყება სახარების ფრაგმენტების კითხვა. ეკლესიაში შეაქვთ ერთი ანთებული სანთელი, რომელიც მორთულია ბერძნული ასოებით – ალფათი და ომეგათი, ანუ დასაწყისითა და დასასრულით. ეს მიანიშნებს, რომ ქრისტეს ხელშია დასაწყისი და დასასრული ყოველი ქრისტიანის ცხოვრებისა. ამასთან, მთავარი სიმბოლო პროტესტანტული აღდგომისა ტაძარში მდგარი ცარიელი განსასვენებელია, ნიშნად იმისა, რომ იესო ქრისტე აღდგა და საფლავი ცარიელია. ლუთერანულ აღდგომას, როგორც მართლმადიდებლურს, მუდამ წინ უძღვის ვნების კვირა იესო ქრისტეს ვნებების მოსახსენიებლად. თუმცა, მორწმუნეებს არ ევალებათ ორმოცდღიანი მარხვის დაცვა დღესასწაულის წინ.
საინტერესოა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში, ასევე ავსტრალიაში, აღდგომის დღესასწაული სახელმწიფო მნიშვნელობისაა. ამიტომ, აქ ყველგან, დასვენების დღეებადაა გამოცხადებული წითელი პარასკევი და აღდგომის შემდეგი ორშაბათი.
გერმანიაში არც აღდგომის მომდევნო დღეებში მუშაობენ. აღდგომის წინ, დიდ შაბათს, ბევრ სოფელში სააღდგომო კოცონს ანთებენ, რაც, მათი აზრით, ზამთრის დასასრულსა და ყოველგვარი ცუდის დაწვას ნიშნავს.
საფრანგეთში ტაძრის ზარები დიდი ხუთშაბათიდან დიდ შაბათამდე დადუმებულია ქრისტეს გლოვის ნიშნად, მხოლოდ აღდგომას იწყებენ რეკვას და ყველას საყოველთაო მხიარულებისკენ მოუწოდებენ. ზარის ხმაზე ფრანგები ერთმანეთს გადაკოცნიან და ამბობენ, რომ ეს ხმა რომის პაპამდე აღწევს.
იტალიაში წითელ პარასკევს ქუჩებში დააქვთ ჯვრები. პროცესიის მონაწილეებს შავი ტანსაცმელი აცვიათ, ბნელ ქუჩებს მიუყვებიან და გზას სანთლით იკვლევენ. მდუმარება სუფევს. თავად რომში ამ დღეს ათიათასობით ადამიანი მიჰყვება რომის პაპს ჯვრით მსვლელობის დროს. აღდგომას, წმიდა პეტრეს მოედანზე 400 ათასი კაცი იკრიბება, რათა მოისმინოს პაპის სიტყვები: „Urvi et Orbi“ – „ქრისტე აღდგა“. საზოგადოდ, სააღდგომოდ მიღებულია ოჯახთან, ბავშვებთან ერთად სეირნობა.
დიდ ბრიტანეთში აღდგომა „ფესტივალების დედოფლად“ ითვლება. წითელ პარასკევს, საფრანგეთის მსგავსად, აქაც მდუმარებს ეკლესიის ზარები აღდგომამდე. აღდგომის დღეს კი, გამთენიისას, ყველა ტაძარში სრულდება ღვთისმსახურება. კათოლიკურ ეკლესიებში ორღანული მუსიკის კონცერტები იმართება. ამ დღეს ბრიტანელებს ტრადიციად აქვთ, ახალი ტანსაცმლის მორგება, რაც სიმბოლურად, ცუდი ამინდების დასასრულსა და გაზაფხულის დადგომას გამოხატავს.
შოტლანდიაში სააღდგომოდ ანთებენ კოცონს. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ კელტებიდან იღებს სათავეს, როცა ამავე პერიოდში გაზაფხულის მოსვლას დღესასწაულობდნენ.
პოლონეთში ორ დღეს აღნიშნავენ, განსაკუთრებულად – აღდგომას და მის მომდევნო ორშაბათს.  სააღდგომო დილა სადღესასწაულო ღვთისმსახურებით იწყება. შემდეგ იშლება ოჯახური სადილის სუფრა. ტრადიციის მიხედვით, სუფრასთან ოჯახის ყველა თაობა უნდა იჯდეს. ტრაპეზი ლოცვით იწყება. აღდგომას მოსდევს „სველი ორშაბათი“ – პოლონელები უხვად წუწავენ ერთმანეთს წყლით. ითვლება, რომ წყალს ჯანმრთელობა მოაქვს, მეურნეობაში კი – მოსავალი. ამ დღეს მშრალად დარჩენა პოლონელებისთვის ცუდის ნიშანია.
მართლმადიდებლური აღდგომა, ანუ როგორც ბულგარელები ამბობენ, „ველიკდენი“, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია მათთვის. დღესასწაულისთვის მზადება მთელი ვნების კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. კვერცხების წითლად შეღებვას დიდ ხუთშაბათს იწყებენ (როგორც ქართველი მართლმადიდებლები). ოჯახში ყველაზე ასაკოვანი ქალი შეღებილი კვერცხებით ჯვარს გამოუსახავს შუბლზე ყველა ბავშვს. შემდეგ ეს კვერცხები ოჯახის მფარველ ხატთან იდება.
აღდგომა ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში დასვენების დღეა. დღესასწაულის გამორჩეული აღნიშვნა იციან მექსიკაში. აქ ზეიმი 14 დღეს გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ვნების შვიდეული გლოვასა და თავშეკავებას მოითხოვს, მექსიკელები ამ დროიდან იწყებენ მეჯლისებისა და სახალხო დღესასწაულების გამართვას.
აღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ, სირიასა და ლიბანში, აღდგომა მუსლიმანთა დღესასწაულებთან ერთად აღინიშნება და ოფიციალურ დღესასწაულადაა დადგენილი. ამიტომ, ლიბანში წითელი პარასკევი დასვენების დღეა.
მართალია, ინდოეთში სულ რაღაც 3 პროცენტი ქრისტიანი ცხოვრობს, აღდგომას მაინც ზარ-ზეიმით აღნიშნავენ, განსაკუთრებით – მუმბაისა და გოაში. მაღაზიებში იყიდება ფერადი კვერცხები, შოკოლადის კურდღლები. წითელი პარასკევი კი ქვეყანაში ოფიციალური დასვენების დღეა.
აღდგომა გამორჩეული დღესასწაულია აფრიკაშიც. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საგანგებოდ აღნიშნავენ წითელ პარასკევს. ამ დღეს ყველა ისვენებს. ოფიციალური დღესასწაულია აღდგომა და მომდევნო ორშაბათი ნამიბიაშიც.
ამერიკელებისთვის აღდგომის ღვთისმსახურებაზე ოჯახთან ერთად დასწრება მნიშვნელოვანი ტრადიციაა. ბევრ ტაძარში ღვთისმსახურებისას მრევლი ერთხმად გალობს ამ დღის სიხარულის გამოხატვის ნიშნად.
„საპატრიარქოს უწყებანის“
მიხედვით

скачать dle 11.3