რატომ გაურთულდა ნინი წიკლაურს მშობიარობა და რატომ იმყოფებოდნენ ის და მისი ახალშობილი სამი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში #17
23 მარტს ნინი წიკლაური ამერიკაში პატარა საბას დედა გახდა, რომელიც დაბადებიდანვე ამერიკის მოქალაქეა. ნინის გვერდით მისი მეუღლე თემო ტუღუში იმყოფებოდა, რომელიც დედასა და შვილზე განსაკუთრებით ზრუნავს. მე ნინის და თემოს კიდევ ერთხელ ვულოცავ პატარა საბას დაბადებას – ჯანმრთელობას, დღეგრძელობას ვუსურვებ.
ნინი წიკლაური: ამერიკაში ყველა ჩქარობს. აქ დროა ყველაზე ძვირი. ყველამ იცის დროის ფასი და ჩემმა შვილმაც იცოდა, ეტყობა, სად, რომელ ქვეყანაში ჩნდებოდა და იჩქარა. ამიტომაც დაიბადა თვით და ერთი კვირით ადრე. 30 აპრილს უნდა დაბადებულიყო და 23 მარტს დაიბადა. 8 თვეს აკლდა ერთი კვირა და ამიტომაც, პატარა პრობლემა შეგვექმნა – მოგვიწია, გარკვეული პერიოდი ჰოსპიტალში გაგვეტარებინა. სხვათა შორის, 2,200 კილოგრამი დაიბადა და როგორც მითხრეს, ბევრი 9-თვიანი ბავშვი იბადება მაგ წონის. უბრალოდ, ეს პატარა იყო, თორემ უფრო დიდი დაიბადებოდა. ნაცრისფერთვალება ბიჭია, თეთრი, ფითქინა, ოქროსფერი თმით. ვნახოთ, თუ დარჩება ეს ფერები.
– პატარა პრინცი გყავთ.
– კი, ნამდვილად პატარა პრინცი დაიბადა. რაც შეეხება სახელს, სახლში ჩემთან ცხოვრობს ჩემი ბიძაშვილის შვილი, პატარა ალექსანდრა. როგორც კი მუცელი დამეტყო, ხელს მადებდა მუცელზე და ამბობდა: საბა, საბა. თემოსაც ვეუბნებოდი: საიდან მოიგონა-მეთქი. თან, ვერ ვიტყვი, რომ ვინმე საბას იცნობდა. სანამ საქართველოში ვიყავი, მანამდე სულ ამოჩემებული ჰქონდა, რომ მუცელში მეჯდა საბა. ბოლოს თემოს ვუთხარი: საბა ხომ არ დავარქვათ-მეთქი. ასე რომ, ალექსანდრამ დაარქვა საბა და ჩვენც რომ შევხედეთ, მივხვდით, საბა იყო.
– ფიზიოლოგიურად იმშობიარე, თუ საკეისრო დაგჭირდა?
– წესით, ფიზიოლოგიურად უნდა მემშობიარა, მაგრამ, ვინაიდან საბამ ძალიან იჩქარა, სამწუხაროდ, საკეისროს გაკეთება დამჭირდა. გადაუდებელი გახდა ჩემი გაჭრა, რამაც ცოტა გაართულა სიტუაცია. თუმცა, საბას სიცოცხლისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი და მისთვის ყველაფერი მიღირდა. ამერიკელმა ექიმმა ბოდიში მომიხადა: ბოდიში, რომ გაგჭერი, საკეისრო გაგიკეთეო. ამერიკაში ცოტა სხვაგვარი მიდგომაა, ყველაფერს გითანხმებენ. ჩემი საკეისრო კვეთა შეუთანხმებლად გადაწყდა, სხვა გამოსავალი არ იყო. თავიდან ბუნებრივად უნდა მემშობიარა, გაუტკივარებაც გამიკეთეს, რადგან ნაადრევი მშობიარობა მეწყებოდა. მშვიდად ველოდებოდით, ჩამეძინა კიდეც და უცბად ვიღვიძებ, თავზე მადგას 15-20 ექიმი და საწოლიანად შემიყვანეს საოპერაციოში. ნარკოზით დამაძინეს და რომ გავიღვიძე, საბა უკვე დაბადებული იყო.
– ალბათ, საოცარია ის ემოციები, როცა საბა პირველად დაინახე.
– საკეისრო კვეთა რომ დამთავრდა და ნარკოზიდან გამოვედი, რამდენიმე წამით დავინახე საბა. მერე, როცა მომიყვანეს, არ ვიცი... საოცარი ემოცია იყო. თან, ხშირად იღიმის და ლამის გული წამივიდა. სულ მგონია, რომ კეთილი იქნება. რაღაცნაირია, მშვიდი, წყნარი.
– გარკვეული პერიოდი კლინიკაში მოგიწიათ დარჩენა.
– სამი კვირა ვიწექით და შემდეგ გამოგვატანეს საბა. მეც ვიწექი, რაღაც გართულებები მოჰყვა ჩემს მდგომარეობასაც. ღმერთის წყალობით, დღეს ორივე კარგად ვართ.
– მამის ემოციებზე მომიყევი.
– ესე იგი, საბას ჰოსპიტალში ემსახურებოდა დაახლოებით, 5-6 ექთანი და სულ გვეუბნებოდნენ: საბა ძალიან იღბლიანი ბავშვია, რადგან ყურადღებიანი და მოსიყვარულე მშობლები ჰყავსო. ამერიკაში ცოტა სხვა სიტუაციაა. მიღების საათებში მოდიოდნენ, მოინახულებდნენ ბავშვს და მიდიოდნენ. ჩვენ ვათენებდით და ვაღამებდით ბავშვთან. თან, მე ისედაც იქ ვიწექი და თემოს 3 კვირის განმავლობაში არ სძინებია. რაც ამერიკაში ჩამოვიდა, საავადმყოფოს იქით არ გაუდგამს ფეხი. ექთნებმა ყველაფერი გვასწავლეს, რადგან პირველი ბავშვი იყო და თემო ისეთი მოწადინებული გახლდათ, ექთანი აღარ მიკარებია საბას, ყველაფერს ის უკეთებდა. მერე ისიც უთხრეს: შენგან კარგი ექთანი დადგება, ხომ არ ცდიო. მეც ვეუბნებოდი: მიდი, კურსები გაიარე-მეთქი. კიდევ კარგი, ჩამომისწრო: ბავშვი რომ დაიბადა, იმ ღამეს უკვე აქ იყო. ღამეს თემო უთენებს, ჭამის დროსაც თემო დგება – რაღაც სხვანაირი მზრუნველობის უნარი აღმოაჩნდა. ძალიან მიდგას გვერდში. ორსულობის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები რომ მქონდა, კარგ დედას შეშურდება, ისე გვივლიდა ორივეს.
– ეს სამი კვირა ძალიან რთული იქნებოდა ორივესთვის.
– საშინლად რთული იყო. ისეთი რთული, რომ საუბარიც კი მიჭირს ამაზე. რომ ჩაივლის, მერე მარტივია ლაპარაკი, მაგრამ იმხელა სირთულე გადავიტანეთ მთელმა ოჯახმა, ამის გადმოცემა ძალიან ძნელია. ეს სამი კვირა იყო ჯოჯოხეთი. თან ყველაფერს დაერთო ის, რომ უცხო ქვეყანაში ვიყავი, ჩემიანები ძალიან ცოტანი იყვნენ. დედა, ბებო გვერდით არ მყავდნენ. ამიტომაც, თემოს თავზე გადაიარა ყველაფერმა. ის იყო ჩემ გვერდით, თუმცა დედაჩემი 24 საათის განმავლობაში ტელეფონით გვეკონტაქტებოდა.
– საბა ამერიკის მოქალაქეა უკვე, ხომ?
– კი, ამერიკის მოქალაქე დაიბადა და წესით, რომ გაიზრდება კმაყოფილი უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილებით. ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს, ბარე ორი შემედაროს მის სიყვარულში. უბრალოდ, ახლა ჩემს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, აქ რომ გავაჩინე. ჩვენ ძირითადი აქცენტი შვილის განათლებაზე გავაკეთეთ, რომ მომავალში სწავლა გაუადვილდეს, თუნდაც დაფინანსების თვალსაზრისით, რადგან აქ მოქალაქეებისთვის ყველაფერი ბევრად იოლია.
– ამერიკული სახელიც ხომ არ ჰქვია?
– კი, „მიდლ ნეიმიც“ ჰქვია – საბა-სემ ტუღუში. თემო მეუბნებოდა: ეს რა არის, მატრაკვეცობო. მატრაკვეცობა რატომ არის, თუ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვი ამერიკაში დაბადებულიყო, ბარემ ჰქონდეს ორი სახელი-მეთქი. აქ „მიდლ ნეიმს“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ძალიან მიღებულია.
– რამდენ ხანს აპირებთ ამერიკაში დარჩენას?
– ძალიან პატრიოტი ვარ ჩემი ქვეყნის და არ შემიძლია სხვაგან ცხოვრება. არ არის ჩემი ამერიკა, რამდენჯერ დავბრუნდი უკან. ცოტა წამოიჩიტება საბა და ყველანი ჩამოვალთ. ჯერ მონათლულიც არ არის და ფოტოებსაც არ ვდებ. პატარა, მაინც ადვილად ღიზიანდება და ჯერ მირჩევნია, მოინათლოს, მერე დავდებთ ფოტოებს. სავარაუდოდ, თბილისში მოვნათლავთ, თუმცა, ამერიკაშიც გვყავს ნათლიები.
– ბავშვის დაბადებამ შენი და თემოს ურთიერთობა, ალბათ, სხვა ეტაპზე გადაიყვანა.
– მე და თემო კიდევ უფრო მეტად დავახლოვდით, სხვა ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ერთმანეთის მიმართ – უფრო მეტი მზრუნველობა. ბავშვები სიგიჟემდე მიყვარს. ბავშვებთან ურთიერთობასაც მიჩვეული ვიყავი, როგორც პედაგოგი. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ: სხვის შვილებს რომ ეფერები, შენი რომ გეყოლება, მერე ნახე, რა დაგემართებაო. მართლაც, საბას რომ ვუყურებ, გული მიჩქარდება, ცუდად ვხდები, ისე ძლიერ მიყვარს. თან, საოცარი სურნელი აქვს, გემრიელი. მეშინია, ამ დედობის ჟამს არ გავაფრინო. აწი, რასაც დავწერ, ან ვიმღერებ, ყველას თავისი ადრესატი ეყოლება – მიეძღვნება საბას!